დათა (პაპას) ვანიშვილის შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვილი ხურვალეთის ოკუპირებული ნაწილიდან გამოიქცა.
ფორმულას ინფორმაციით, ის ახლა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფება და მას სამართალდამცველები კითხავენ.
როგორც ვანიშვილმა ფორმულასთან საუბარში განაცხადა, მასზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სისტემატიურ ზეწოლას ახდენდნენ. კერძოდ, ვანიშვილი ამბობს, რომ მას აიძულებდნენ საქართველოზე უარის თქმას და მილიციის თანამშრომლები ამას ვიდეოზე იღებდნენ.
"ცოლიც გამიგზავნეს. ცოლის და შვილის გარეშე როგორ ვიცხოვრო. ჯერ შვილი არ გვეყოლა, მაგრამ ამ თვის ბოლოს გვეყოლება. მაწუხებენ, ძალიან აქ. რომ გაიგონ არ შემომივარდნენ რამე არ მიქნან. ქართველებს შეაგინეო ოსურადო, რუსებიც აქ არიანო, უარი თქვი საქართველოზე. ტელეფონით გადაიღეს ეგ. მეშინია უკვე აქ ცხოვრება", - განაცხადა მალხაზ ვანიშვილმა.
ცნობისთვის, მალხაზ ვანიშვილი ოკუპირებულ მხარეს დაახლოებით 2 თვის წინ გადავიდა. აღნიშნული ნაბიჯი ვანიშვილმა მძიმე სოციალური მდგომარეობით ახსნა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვანიშვილი ბებია-ბაბუის სახლში ცხოვრობდა.